„სიენენი“ - პუტინის ჯინაზე ჩამოდით საქართველოში
„სიენენი“ - პუტინის ჯინაზე ჩამოდით საქართველოში

პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვყენებს. საავტორო სვეტში უილ კეთკარტი მოუწოდებს მოგზაურებს, აუცილებლად ეწვიონ საქართველოს.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსები – მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულება, მაშინ ახლა საუკეთეო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ“, – წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე ერთ კვირაზე მეტია, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყენაში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტს მოჰყვა. „თუმცა ეს აქციები რუსი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – წერს უილ ​კეთკარტი. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების განკარგულება გასცა. „რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ქართველებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ისაუბრა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის იმპორტის შეჩერება არ გამორიცხა“, – ნათქვამია სტატიაში.

„საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი და გადააყენოს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა, როდესაც დემონსტრანტებმა ეს მოითხოვეს“, – წერს ავტორი.

უილ კეთკარტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამას იმის გამო აკეთებს, რომ არ სურს ანალოგიური პროტესტი რუსეთშიც დაიწყოს. „პუტინს სურს, დაამახინჯოს რეალობა, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ დემონსტრაციები რუსოფობიულ ხასიათს ატარებს“, – ნათქვამია სტატიაში.

„სიმართლე კომპლექსურია, მაგრამ მისი გაგება რთული არ არის. ქართველებს საკუთარი მიწის დაბრუნება სურთ. მათ სურთ, გაუზიარონ ის სტუმრებს, რადგან ქართველები სამშობლოთი ამაყობენ. საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და ზოგჯერ მწარეა. თუმცა, ქართველი ხალხი ამაზე დღეს ღიად საუბრობს და განიხილავს, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ. სწორედ ეს თავისუფლება აშინებს პუტინს იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე არმია“, – ნათქვმია „სიენენის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს სერიოზული უთანხმოება აქვს კრემლთან, თუმცა ეს არ ეხება რუს ხალხს. „რუსებს საქართველოში მიესალმებიან, ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა არა რუსულ ტანკებს და სამხედროებს“, – ნათქვამია სტატიაში.

„ქართველები საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ, თუმცა რუსულ კულტურას პატივს სცემენ. რუსული ენა, ლიტერატურა, ფილმები და ბალეტი დაფასებულია. რეალურად, ქართველ და რუს ხალხს დღეს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. ორივე, საქართველოც და რუსეთიც ოკუპირებულია პუტინისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების მიერ“, – წერს უილ კეთკარტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩომ, მათ შორის აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ, რომელიც სოციალური მედიით მოუწოდებს ყველას, პუტინის აკრძალვის მიუხედავად ეწვიონ საქართველოს.

„თუ ამას ბევრი გააკეთებს, მაშინ პუტინის გეგმას უკუეფექტი ექნება ისე, როგორც 2006 წელს. ჩვენთვის, ვინც საქართველოში, პლანეტაზე ყველზე დიდი და ბოროტი ქვეყნის ჩრდილში ცხოვრობს, აგორებული კამპანია სოლიდარობის შთამაგონებელი მაგალითია. საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისა (მაშინ როდესაც სხვა წევრები ევროკავშირიდან მიდიან) და ნატო-ს მიმართ რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუმცა, ორივე ორგანიზაცია, საქართველოს დახმარებისა და მისალმების მიუხედავად, რუსეთის ზეწოლის პირობებში მაინც ჩიხშია. მიუხედავად მათი წარსული დაპირებებისა, ცხადია, რომ არც ერთი არ მოდის საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ საქართველოს დახმარება ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც არის საჭირო, ესაა საქართველოში ჩასვლა“, – წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არაერთი იმპერია შეიჭრა, თუმცა საქართველო მაინც გადარჩა.

„ქართველებმა იციან მოქალაქეებისა და მათი მთავრობის გარჩევა. ეს გადამწყვეტია ოკუპაციის პირობებში გადასარჩენად. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხართ, მოსკოვიდან, მილუოკიდან თუ მოგადიშუდან, ახლა საქართველოს თქვენ სჭირდებით. მოდით, ვუპასუხოთ პუტინს და მისი ბოროტ აკრძალვას. დატკბით უძველესი ისტორიის მქონე ღვინით და ინოვაციური სამზარეულოთი. აღმოაჩინეთ ულამაზესი ქვეყანა, მომაჯადოებელი კავკასიის მთებით და აქტიური შავი ზღვის სანაპიროთი. ამით თქვენ პატარა ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ. ისევე, როგორც 3,7 მილიონი ქართველი, მეც მზად ვარ, მეგზურობა გაგიწიოთ“, – წერს სტატიის ავტორი.