„სიენენი“ - „ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხი ამ დროისთვის უცნობია
„ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურს, იაჰია სინვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
მედიის ცნობით, „ჰამასის“ მხრიდან ეს გადაწყვეტილება ისრაელის წარმომადგენლებს ეგვიპტელმა და კატარელმა შუამავლებმა აცნობეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხი ამ დროისთვის უცნობია. როგორც წყაროები „სიენენთან“ აღნიშნავენ, ნეთანიაჰუ მზადაა, დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ ისინი სკეპტიკურად უყურებენ პრემიერის მხრიდან თანხმობას, რადგან მინისტრთა ნაწილი წინააღმდეგია „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის და ამას ისინი ნათლად აფიქსირებენ.
„არავინ იცის, რა სურს ნეთანიაჰუს“, – განაცხადა წყარომ.
„სიენენი“ ასევე წერს, რომ ისრაელის პრემიერზე დიდი ზეწოლაა აშშ-ის მხრიდან, რომ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მკაფიოდ განუცხადეს ისრაელს, რომ ახლა დროა, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რათა თავიდან აირიდონ უფრო ფართო რეგიონული ომი.