„სიენენი“ - დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას ზოგჯერ ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებს შეურაცხყოფდა
„სიენენი“ - დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას ზოგჯერ ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებს შეურაცხყოფდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასობით სატელეფონო საუბრისას მსოფლიო ლიდერებთან ხშირად სერიოზული საკითხების განსახილველად მზად არ იყო, ზოგჯერ კი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებს შეურაცხყოფდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია სიენენი თეთრ სახლში და დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, სატელეფონო საუბრებმა დაარწმუნა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წევრები, მათ შორის მისი ყოფილი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები და ადმინისტრაციის უფროსი, რომ თავად პრეზიდენტი წარმოადგენდა საშიშროებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„წყაროების ცნობით, მცირე მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ დროთა განმავლობაში პრეზიდენტი უფრო კომპეტენტური გახდა სახელმწიფოთა მეთაურების უმრავლესობასთან თავის სატელეფონო საუბრებში. სავარაუდოდ, მას კვლავ სჯეროდა, რომ შეეძლო, თითქმის ნებისმიერი უცხოელი ლიდერის მოხიბვლა, სილის გაწვნა ან დაშინება, რათა მათ მისი ნების წინაშე კაპიტულაცია გამოეცხადებინათ, ხშირად მისდევდა მიზანს, რომელიც უფრო ახლოს იყო მის საკუთარ დღის წესრიგთან, ვიდრე იმ საკითხებთან, რომლებსაც მისი უფროსი მრჩევლები ეროვნულ ინტერესებად მიიჩნევდნენ“, – წერს „სიენენი“.

მედიასაშუალების ცნობით, ყველაზე მეტი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპს ჰქონდა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელიც თეთრ სახლში ზოგჯერ კვირაში ორჯერ მაინც რეკავდა და ტრამპის განკარგულებით, მას პირდაპირ პრეზიდენტთან აკავშირებდნენ.

სიენენის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ხშირად ამცირებდა აშშ-ის მთავარი მოკავშირეების ლიდერებს, განსაკუთრებით ქალებს – ანგელა მერკელსა და ტერეზა მეის. დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს „სუსტი“ უწოდა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს კი – „სულელი“ და განუცხადა, რომ ის „რუსების ჯიბეში იჯდა“.

სიენენის“ წყაროს მტკიცებით, დონალდ ტრამპი ასევე რეგულარულად შეურაცხყოფდა მოკავშირე ქვეყნების სხვა ლიდერებს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსა და ავსტრალიის პრემიერ სკოტ მორისონს.

სიენენის“ ცნობით, ტრამპი ხშირად ტრაბახობდა თავისი სიმდიდრით, გენიალურობითა და მიღწევებით კოლეგების წინაშე, მათ შორის საუდის არაბეთის პრინც მუჰამედი ბინ სალმანთან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ  კიმ ჩენ ინთან, ასევე, ოვალურ კაბინეტში მათთნ  წინამორბედების „იდიოტობის“ შესახებ საუბრობდა. ვალდიმერ პუტინთან და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრებისას აშშ-ის პრეზიდენტი განსაკუთრებით კმაყოფილი იყო ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას გაკრიტიკებით და აცხადებდა, რომ უშუალოდ მასთან (ტრამპთან) საქმის დაჭერა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.

როგორც „სიენენისთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრების დროს, პრეზიდენტი უმეტესწილად საუბრობდა საკუთარ თავზე, თავის „უპრეცედენტო მიღწევებზე“ აშშ-ის ეკონომიკის შენებაში, საკუთარ წინამორბედებს კი, „სუსტებად“ მოიხსენიებდა. ამასთან, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის დროს, დონალდ ტრამპი ხშირად უგულებელყოფდა ორმხრივი დღის წესრიგის ძირითად საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და შეიარაღების კონტროლი.

სტატიის ავტორია ჟურნალისტი კარლ ბერნშტაინი, რომელმაც 1972 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „უოტერგეიტის სკანდალის“ გაშუქებაში, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა.