„სიენენი“ - აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, უახლოეს მომავალში, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს
„სიენენი“ - აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, უახლოეს მომავალში, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, უახლოეს მომავალში, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო, – ამის შესახებ სიენენი აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. მაღალჩინოსნის განმარტებით, შავ ზღვაში ამერიკული ხომალდები რუტინულად გადაადგილდებიან, თუმცა სამხედრო ხომალდების გაგზავნა ახლა მოსკოვისთვის განსაკუთრებული სიგნალი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

მისივე თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაზვერვით ფრენებს ახორციელებენ ამერიკული თვითმფრინავები, რომლებიც რუსული სამხედრო საზღვაო ძალების აქტივობასა და ყირიმის მიმართულებით შეიარაღებული ძალების ნებისმიერ გადაადგილებას მონიტორინგს უწევენ. ასევე აშშ რუსული ძალების ზრდას იერიშად არ განიხილავს.

„თუ რამე შეიცვლება, აშშ მზად იქნება პასუხისთვის“, – აცხადებს მაღალჩინოსანი. მისი თქმით, მათი ამჟამინდელი შეფასებით, რუსები წვრთნებს ატარებენ და დაზვერვას არ გაუცია განკარგულებები შემდგომი ქმედებებისთვის.

ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა რუსეთის ქმედებები „ღრმად შემაშფოთებლად“ მოიხსენია.

„აშშ-ის შეშფოთება მზარდია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის რუსეთის გადაადგილებით უკრაინის საზღვარზე. რუსეთს ახლა მეტი შეიარაღებული ძალები ჰყავს უკრაინის საზღვარზე, ვიდრე 2014 წლის შემდეგ ნებისმიერ სხვა დროს. ხუთი უკრაინელი სამხედრო მხოლოდ ამ კვირაში მოკლეს. ეს ძალიან შემაშფოთებელი ნიშნებია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.