„სიენენი“ - აშშ უკრაინას რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავებაში ეხმარებოდა
„სიენენი“ - აშშ უკრაინას რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავებაში ეხმარებოდა

„სიენენის“ ცნობით, აშშ უკრაინას რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავებაში ეხმარებოდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ვაშინგტონი აფინანსებდა ოპერაციას, რომელის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის უკრაინაში შეტყუება და შემდეგ მათი დაკავება.

„სიენენის“ ცნობით, ამ ოპერაციის შედეგად 2020 წლის ივლისში ბელარუსის სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის 33 მოქალაქე. როგორც ტელეკომპანიას უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა განუცხადა, აშშ ამ ოპერაციის ფარგლებში უკრაინულ მხარეს ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „სიენენს“ უთხრა, რომ აშშ ინფორმირებული იყო კიევის ქმედებების შესახებ, თუმცა ოპერაციაში არ მონაწილეობდა. მისივე თქმით, ახლა უკრაინის სპეცსამსახურები ცდილობენ ოპერაციის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ამერიკელებს დააკისრონ.

„სიენენის“ ცნობით, ოპერაციის ფარგლებში უკრაინის სპეცსამსახურებმა შექმნეს კერძო სამხედრო კომპანია, რათა რუს დაქირავებულ მებრძოლებზე მიეღოთ ინფორმაცია. ამ კომპანია ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი, რომელზეც გამოცხადდა ვაკანსია. კანდიდატებს არჩევდნენ ვენესუელაში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის დასაცავად და მათ თვეში 5 000 დოლარს სთავაზობდნენ. კანდიდატებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ. „სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ამ მოჩვენებითი კასტინგის ფარგლებში შეარჩიეს 33 ადამიანი. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური ავიალაინერი ჩამოგდებაში მონაწილეობდა.

ოპერაციის ფარგლებში იგეგმებოდა, რომ ამ ადამიანებს უკრაინის ტერიტორიაზე შეიტყუებდნენ, თუმცა გეგმა ჩაიშალა, რადგან პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა. მაშინ ორგანიზატორებმა დაქირავებული მებრძოლები მინსკის სიახლოვეს სანატორიუმ „ბელარუსოჩკაში“ დაიბარეს.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაქირავებული მებრძოლები ქვეყნიდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა. მინსკში მათ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები უწოდეს და ბელარუსში საარჩევნოდ არეულობის მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამ ადამიანების უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა, რადგან მათი ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. თუმცა, მინსკისა და მოსკოვის მოლაპარაკებების შემდეგ, დაკავებულების უმრავლესობა რუსეთში დააბრუნეს.

ზელენსკი მაშინ უარყოფდა, რომ დაქირავებული მებრძოლები უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და შემდეგ ჩაშლილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და ამტკიცებდა, რომ ინიციატივა სხვა ქვეყნებიდან მოდიოდა. თუმცა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2020 წელს თქვა, რომ მან ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა ნებართვა რუსების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარებულიყო. „სიენენი“ ამტკიცებს, რომ ამ ოპერაციის ჩაშლა უკრაინის სპეცსამსახურებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.