„სიენენი“ - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აპირებს, მიიღოს ზომები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა აქვს სოციალური დისტანციის რეგულაციებს რელიგიურ ინსტიტუციებზე
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მომდევნო კვირაში აპირებს, მიიღოს ზომები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა აქვს სოციალური დისტანციის რეგულაციებს ქვეყნის მასშტაბით რელიგიურ ინსტიტუციებზე. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იტყობინება.
ამასთან დაკავშირებით „სიენენს“ მოჰყავს იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერის, კერი კუპეჩის „ტვიტერის“ პოსტი – „მრავალი ამერიკელისთვის ამ წმინდა კვირის განმავლობაში აშშ-ის გენერალური პროკურორი ბარი აკვირდება ხელისუფლების რეგულაციებს რელიგიურ მსახურებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის პოლიტიკა მიზანშეწონილია საგანგებო სიტუაციის დროს, ისინი თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და არ გამოიყოს რელიგიური ორგანიზაციები. ველოდებით მოქმედებას იუსტიციის დეპარტამენტისგან მომავალ კვირას“.
ამერიკული ტელეკომპანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ზომების მიღებაზეა საუბარი. ამასთან, როგორც „სიენენი“ იუწყება, იმ დროს, როდესაც მრავალმა შტატმა გასცა „სახლში დარჩენის“ განკარგულება, 12-მდე შტატმა რელიგიური შეკრების ზოგიერთ ფორმაზე გამონაკლისი დაუშვა. ფედერალურმა მოსამართლემ შაბათს ორდერი გამოსცა, რომელიც კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილში ეკლესიას უფლებას ანიჭებს, სააღდგომო მსახურება ჩაატაროს ისე, რომ წირვას მრევლი საკუთარი ავტომობილიდან დაესწრება. იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი უილიამ ბარი შეისწავლის არა მხოლოდ ლუისვილის შემთხვევას.
„მთავრობას შეუძლია, კანონიერად შეზღუდოს შეკრება, მათ შორის, რელიგიური შეკრებები, რათა დაიცვას ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. თუ მუნიციპალიტეტი აწესებს ნაკლებ შეზღუდვებს ან არ ზღუდავს კინოთეატრებს, რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს, მან შესაძლოა, არ გასცეს განკარგულება სამლოცველო სახლების დახურვასა ან შეკრების ზომის შეზღუდვაზე“, – აცხადებს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ამასთან, „სიენენს“ მოჰყავს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადება, სადაც იგი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახლანდელ შეზღუდვებს „დრაკონულს“ უწოდებს. მისი თქმით, არ მოსწონს იმის ხილვა, რომ რელიგიის მიმართ შეზღუდვები იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე საჭიროა. ბარის თქმით, როდესაც 30 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რეკომენდებული საიზოლაციო პერიოდი დასრულდება, მათ ხალხის დასაცავად ალტერნატიული გზები უნდა განიხილონ.