ხანძრების გამო, სიდნეის მცხოვრებლებს ხელისუფლება შინ დარჩენას ურჩევს
ხანძრების გამო, სიდნეის მცხოვრებლებს ხელისუფლება შინ დარჩენას ურჩევს

ხანძრების გამო, სიდნეის მცხოვრებლებს შინ დარჩენა ურჩიეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქი დილიდან კვამლშია გახვეული.

სიდნეის შემოგარენში ამჟამად ხანძრის 100-ზე მეტი აქტიური კერაა. მეტეოროლოგების თქმით, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას რვაჯერ აღემატება.

ამის გამო, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურის ცნობით, კვამლი ქალაქში კიდევ რამდენიმე დღე იქნება. ხელისუფლებამ სიდნეის მოსახლეობა ქალაქში ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა სიდნეიში დღეს 37 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ადელაიდაში კი ოთხშაბათს 42 გრადუსია ნავარაუდევი.

ავსტრალიაში ხანძრები ოქტომბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დამწვარია მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი. ცეცხლმა 300 სახლი გაანადგურა.