სიცხიდან სიგრილისკენ: შვედეთი ევროპული ზაფხულის ახალი ჰიტი ხდება
შვედეთი (საილუსტრაციო ფოტო)
შვედეთის განთავსების სექტორში ტურისტების ღამისთევის მაჩვენებელი და ქვეყნის მიმართულებით ფრენები ორნიშნა ციფრებით იზრდება.
სანამ სამხრეთ ევროპა 40-გრადუსიანი სიცხისგან, პირდაპირი მნიშვნელობით, იწვის, სკანდინავიის რეგიონში შედარებით ზომიერი ტემპერატურაა, რაც ტურისტებში იქ ჩასვლის ინტერესს აღძრავს. გასულ წელს შვედეთს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია, მიმდინარე წელს კი ეს რეკორდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ქვეყანაში ღამის გამთევი ტურისტების რიცხვი 6.6%-ით, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნებიდან შვედეთში ფრენების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა.
ალბა, ტურისტი ესპანეთიდან: „დასასვენებლად გრილ ადგილს ვეძებდით. მადრიდში ახლა 40 გრადუსია, აქ კი ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალი და ასატანია“.
გრილ ამინდთან ერთად, შვედეთის სტუმრებს უსაფრთხო და მშვიდი გარემოც იზიდავთ.
დიდრიკ ფონ სეტი, შვედეთის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაცია: „სკანდინავიის რეგიონი აღიქმება, როგორც უსაფრთხო და ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისგან დაშორებული ადგილი“.
ბუნებაში გასეირნება, საწყალოსნო კრუიზები და ადგილობრივების თბილი დამოკიდებულება ალფრედ ნობელის სამშობლოს მიმართ ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
სუზან ანდერსონი, ტურისტული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: „ჩამოდიხარ ქვეყანაში, რომელიც თავისი მიმზიდველი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით გეგებება. ტურისტების მხრიდან შვედების მიმართ დამოკიდებულება, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიურია“.
მომეტებული ხალხმრავლობის არარსებობაც შვედეთის ხიბლის ერთ-ერთი ნაწილია.
ანა, ტურისტი გერმანიიდან: „მომწონს აქაური ბუნება და შვედების ცხოვრების წესი. ისინი ძალიან მშვიდები და მეგობრულები არიან“.
სიგრილეში დასვენების საუკეთესო მიმართულებებს შორის, შვედეთთან ერთად, ნორვეგია და ფინეთიც სახელდება. ასე რომ, ზაფხულის უფრო ასატანი ტემპერატურის ძიების დროს, ალტერნატივებიც არსებობს.