„სიბიეს ნიუსი“ – ნენსი პელოსის მეუღლე პოლ პელოსი გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

01:09, 05.07.2026

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ყოფილი ლიდერის, ნენსი პელოსის მეუღლე პოლ პელოსი გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს. ინციდენტი კალიფორნიაში, ნაპაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30-ზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაზიანებული ავტომობილი გზის პირას კანონიერად იყო გაჩერებული და შეჯახების შედეგად მისი უკანა ნაწილი დაზიანდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლი შეჯახების შემდეგ ცოტა ხნით გაჩერდა, თუმცა შემდეგ გზა განაგრძო. მოგვიანებით სამართალდამცველებმა პელოსის ავტომობილი ახლომდებარე გზაზე იპოვეს, რადგან დაზიანების გამო მოძრაობას ვეღარ აგრძელებდა.

პოლიციის ცნობით, 86 წლის პოლ პელოსიმ განაცხადა, რომ იგრძნო შეჯახება, თუმცა ვერ მიხვდა, კონკრეტულად რას შეეჯახა, ამიტომ მოძრაობა გააგრძელა, ვიდრე მისი მანქანა საბოლოოდ არ გაფუჭდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლ პელოსი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. პელოსი არ დაუკავებიათ, რადგან აღნიშნული სამართალდარღვევა კალიფორნიის კანონმდებლობით იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შემთხვევაშიც დაკავება სავალდებულო არ არის.

მსგავსი