სი ძინპინი – მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების დროს, ჩინეთის და აშშ-ის, ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხრებზეა კაცობრიობის განვითარების წინსვლის და პროგრესის ისტორიული პასუხისმგებლობა

19:51, 24.09.2026

ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობამ შესაძლოა, მსოფლიოს ყველა პრობლემა ვერ გადაჭრას, მაგრამ მის გარეშე მსოფლიოს მრავალი პრობლემის მოგვარება რთული იქნება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ჩინეთი და აშშ განსხვავებული არიან ეროვნული კონდიციებით, თუმცა ორ ქვეყანას შეუძლია, უკეთ გაუგოს ერთმანეთს, ეძებოს საერთო საფუძველი განსხვავებების გვერდზე გადადების პარალელურად და ააშენოს ორმხრივი ნდობა.

„ჩინეთი და აშშ დიდებული ქვეყნებია და ორივე ქვეყნის ხალხი დიდებულია. მე აქ პრეზიდენტ ტრამპის მოწვევით ვიმყოფები ჩვენი მეგობრობის გასაგრძელებლად, თანამშრომლობის გასაფართოებლად და ორივე ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებისა და ისტორიული მნიშვნელობის დროს, ჩინეთის და აშშ-ის, როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხრებზეა კაცობრიობის განვითარების წინსვლის და პროგრესის ისტორიული პასუხისმგებლობა.

ბატონო პრეზიდენტო, ჩინეთში თქვენი ვიზიტი დროს ჩვენ შევთანხმდით ავაშენოთ კონსტრუქციული ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები სტრატეგიული სტაბილურობისთვის. მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გიგანტური ხომალდი მომავლისკენ მიმავალ მყარ კურსზე მივმართო. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია. ჩინეთი და აშშ განსხვავებული არიან ეროვნული კონდიციებით, მაგრამ გულახდილი, სიღრმისეული და განგრძობადი დიალოგით, ჩვენ ორ ქვეყანას უკეთ შეუძლია გაუგოს ერთმანეთს, ეძებოს საერთო საფუძველი განსხვავებების გვერდზე გადადების პარალელურად და ააშენოს ორმხრივი ნდობა.

პრეზიდენტი ტრამპი და მე ერთმანეთს პატივს ვცემთ და კავშირს ვინარჩუნებთ. ჩვენ წავახალისეთ სამთავრობო უწყებები, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტროები, ეკონომიკის სამინისტროები და ფინანსურ თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირები, სამართალდამცავი უწყებები და ხალხთაშორისი კავშირები კონტაქტის გაძლიერების მიზნით და მხარს ვუჭერთ საკანონმდებლო ორგანოებს ურთიერთგაცვლების გასაზრდელად. ჩვენ გულწრფელად უნდა ვითანამშრომლოთ. ორი ქვეყნის ინტერესები ღრმად არის გადაჯაჭვული. ერთობლივი მუშაობისთვის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა. მართალია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ შესაძლოა, მსოფლიოს ყველა პრობლემა ვერ გადაჭრას, მაგრამ მის გარეშე მსოფლიოს მრავალი პრობლემის მოგვარება რთული იქნება“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთისა და აშშ-ს თანაარსებობა მშვიდობიანი უნდა იყოს, რადგან ორივე მხარე უფრო მეტ სარგებელს ნახავს თანამშრომლობით და წააგებს დაპირისპირებით.

„ჩინეთის კარი ღიაა და მიესალმება ამერიკულ კომპანიებს, რომელთაც ინვესტიციების განხორციელების და ბიზნესის კეთების სურვილი აქვთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩინურ კომპანიებს აქ, აშშ-ში, სამართლიანად ეპყრობიან. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ თანამშრომლობის სია და დავამოკლოთ პრობლემების სია. ჩინეთი და აშშ წამყვანი ქვეყნები არიან ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს როგორც შესაძლებლობა, ასევე პასუხისმგებლობა, განვავითაროთ და ვმართოთ ხელოვნური ინტელექტი სასიკეთოდ და უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ყოველთვის ადამიანის კონტროლის ქვეშ იყოს და ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდეს. ნარკოტიკების წინააღმდეგ,ჩინეთს სურს თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-სთან. ჩვენ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ პირდაპირი ფრენების გაზრდა, მოგზაურობის და ვაჭრობის ხელშეწყობა.

ჩვენი თანაარსებობა მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩინეთი და აშშ, როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყანა მოიგებს თანამშრომლობით და წააგებს დაპირისპირებით. საჭირო არ არის თავიდან ავიცილოთ კონკურენცია, თუმცა ეს კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს და თავიდან უნდა აირიდონ კონფლიქტი და დაპირისპირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიპოვოთ სწორი გზა, რათა ორმა დიდმა ქვეყანამ თანაარსებობა შეძლოს იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ჩვენგანი საკუთარ სახლად მიიჩნევს. ჩვენმა სამხედროებმა რეგულარული დიალოგი უნდა შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ კრიზისული კომუნიკაციის და პრევენციის მექანიზმი. თუკიდიდეს ხაფანგის დაძლევა შესაძლებელია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩინელები და ამერიკელები მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშისტური აგრესიის წინააღმდეგ. ჩინელ ხალხს არასდროს დავიწყებია ისტორიის ეს ნაწილი და არც ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მსგავსი