სი ძინპინი აცხადებს, რომ ავღანეთში მხარეებმა ტერორიზმი უნდა აღმოფხვრან
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ავღანეთში შესაბამისმა მხარეებმა უნდა აღმოფხვრან ტერორიზმი. ამასთან, სი ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი ავღანეთს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ სი ძინპინმა რეგიონულ სამიტზე ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „გარკვეულმა ქვეყნებმა“, რომლებსაც როლი აქვთ არსებული სიტუაციის ჩამოყალიბებაში, უნდა აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალზე.
მისი თქმით, ავღანეთი უნდა იყოს უფრო ღია და ინკლუზიური და გაატაროს ზომიერი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.