შვიდკაცა რაგბი | საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ერთი თამაში მოიგო, ერთი წააგო - პორტუგალიასთან მატჩი გადამწყვეტი იქნება #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩაატარა – ერთი მოიგო, ერთი წააგო.
პირველ თამაშში ტონგამ ექვსი ლელო დადო, ქართველებიდან კი თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა და, საბოლოოდ, კუნძულელებმა 40:5 მოიგეს. ჯგუფის მეტოქეებიდან კი კენიამ პორტუგალია 19:12 დაამარცხა და, ახალი წესების თანახმად, შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის სანუგეშო ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს მეორე თამაში კენიასთან ჰქონდა, რომელიც ჩელენჯერის პირველი (დუბაის) ეტაპის გამარჯვებული გახდა. საქართველომ თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა, აფრიკელებს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 17:0 დაამარცხა და 1/4-ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
მეტოქეებიდან პორტუგალიამ ტონგას 17:12 სძლია.
ორ-ორი თამაშის შემდეგ A ჯგუფის ოთხივე გუნდს თითო მოგება და მარცხი დაუგროვდა – პორტუგალიას და ტონგას 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს და კენიას კი 3-3.
ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში პორტუგალიასთან 9 მარტს, თბილისის დროით 21:25 საათზე გაიმართება, მეორე შეხვედრაში კენია ტონგას შეხვდება და ამის შემდეგ გაირკვევა, რომელი გუნდი რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ რვა საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გადის (სამივე ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი), დანარჩენი ოთხი კი მე-9 მე-12 პოზიციებისთვის განაგრძობს ბრძოლას. მონტევიდეოს ეტაპი 10 მარტს დასრულდება, ხოლო მესამე ეტაპს 18-19 მაისს გერმანიის ქალაქი მიუნხენი უმასპინძლებს.
თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდს საერთო ცხრილში ქულები ეწერება, რომელთა დაჯამების შედეგად ოთხი საუკეთესო, მსოფლიო სერიის ბოლო ოთხეულთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და ოთხი მოწინავე 12-გუნდიანი ელიტის, მსოფლიო სერიის საგზურს მიიღებს.
დუბაის ეტაპის შემდეგ საქართველო საერთო ცხრილში ექვსი ქულით მე-8 ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე:
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე