შვიდკაცა რაგბი | მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე ჯგუფური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა და 19 მაისს მეოთხედფინალში ითამაშებს.
მიუნხენში პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ გერმანიასთან ჩაატარა და 10:28 დამარცხდა.
ჯგუფის მეორე თამაში ქართველმა მორგაბეებმა სერიის ლიდერთან, ურუგვაის ნაკრებთან გამართეს. მატჩის დასასწყისში მეტოქე გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. ტაიმის შუაში სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ რომან მახათაძემ ლელო დადო და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ურუგვაიმ მოიგო – 14:5.
შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მესამე ლელო გაიტანეს, თანაც არბიტრმა ირაკლი სიმსივე სინბინში გაუშვა. ურუგვაიმ რიცხვობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა და საბოლოოდ 40:12 მოიგო.
ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს პაპუა ახალ გვინეასთან ჰქონდა. ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოსახვედრად მაქსიმალურად დიდი სხვაობით გამარჯვება იყო საჭირო. საქართველომ პირველი ტაიმი 22:0 მოიგო.
მეორე ნახევარში მეტოქემ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება – 27:17 მოიგეს, მესამეადგილოსნებს შორის პორტუგალიას აჯობეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც კვლავ ურუგვაის დაუპირისპირდებიან.
თამაში 19 მაისს საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე