შვეიცარული გამოცემა „კრედიტ სუისის“ ერთ-ერთ გამოწვევად ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავას ასახელებს
შვეიცარული გამოცემა „კრედიტ სუისის“ ერთ-ერთ გამოწვევად ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავას ასახელებს

შვეიცარული გამოცემა „ფი ნიუსი“ შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინაშე 2023 წელს არსებულ გამოწვევებს შორის ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავას ასახელებს.

გამოცემა წერს, რომ „კრედიტ სუისის“ ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკადრონის ქმედებების შედეგად დაზარალებულები სასამართლო დავას 2015 წლიდან აწარმოებენ და მომდევნო თვეებში მათი გლობალური ზეწოლა ბანკზე გაიზრდება.

„ვერდიქტი სინგაპურში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს გახდება ცნობილი. ბანკის ერთ-ერთმა მსხვილმა სატრასტო კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, კომერციულ სასამართლოში აღიარა, რომ არ გააფრთხილა მდიდარი კლიენტი არაავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ. მიუხედავად ამისა, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას არ სურს, რომ ეს აღიარება გაიგონ, როგორც ბრალის აღიარება. ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ივანიშვილი სინგაპურში ითხოვს, 1,27 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წლის პირველ ნახევარში ბერმუდის კუნძულების სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი წერილობით გამოქვეყნდება. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, უნდა გადაიხადოს თუ არა ბანკის შვილობილმა კომპანიამ კომპენსაციის სახით 600 მილიონი დოლარი, რომელიც მას მარტში უნდა გადაეხადა. სისხლის სამართლებრივი ბრალდება „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ შვეიცარიაში 2021 წლის ბოლოს წარადგინეს. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ ბევრი სხვადასხვა ბანკირი დაკითხა. ამის შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა, მაგრამ შესაძლოა, ვითარება 2023 წელს შეიცვალოს“, – წერს გამოცემა „ფი ნიუსი“.