შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 115 კი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის მოზარდი, რომელიც ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.
როგორც მედია წერს, დაშავებულები ძალიან ახალგაზრდები არიან, 15-დან 25 წლამდე ასაკის. დაშავებულებს შორის არიან ტურისტებიც.
საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაშავებულებს შორის მათი მოქალაქეებიც არიან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ცხრა მოქალაქე დაშავდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მათი ერთი მოქალაქე დაშავდა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მათი 15 მოქალაქე ამჟამად საავადმყოფოშია.
შვეიცარიის პრეზიდენტმა, გაი პარმელინიმ განაცხადა, რომ ხანძარი „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რაც ქვეყანას განუცდია“. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.