შვეიცარიის პარლამენტის წევრი დანიელ ფაზლერი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ვიყავი სადამკვირვებლო მისიის წევრი, დავადგინეთ, რომ არჩევნები იყო სრულყოფილად ორგანიზებული
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, დავადგინეთ, რომ არჩევნები იყო სულყოფილად ორგანიზებული, – ამის შესახებ შვეიცარიის წარმომადგენელმა, დანიელ ფაზლერმა პორტუგალიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
ფაზლერის განცხადებით, ის პირადად აკვირდებოდა ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც, მისი თქმით, სამართლიანად ჩატარდა.
„მე გუშინ საქართველოს შესახებ უკვე ვისაუბრე და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ეს არის მიზეზი, რის გამოც შვეიცარიას აქვს მანდატი, რუსეთში საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები წარმოადგინოს და რუსეთის – საქართველოში. ამიტომ ვითარება საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიმყოფებოდი არჩევნებზე დამკვირვებლად საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, როდესაც არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ყველა საარჩევნო დამკვირვებელი შეიკრიბა და ვიკითხეთ, როგორი იყო არჩევნები, დავადგინეთ, რომ არჩევნები იყო სრულყოფილად ორგანიზებული, სამართლიანი და არავითარი უწესრიგობა არ იყო“, – განაცხადა ფაზლერმა.
როგორც დანიელ ფაზლერმა აღნიშნა, არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა.
„ეს არ არის ის, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა. შემაშფოთებელი რაც არის, ეს იყო არჩევნებამდე მძაფრი კამპანია, სამთავრობო პარტიის შიშის კამპანია, რომელმაც ალბათ გამოიწვია მათი გამარჯვება არჩევნებში. ეს არის ის, რაც უნდა გავაკრიტიკოთ. ასევე, მინდა, ქართველ წარმომადგენლებს ვუთხრა – თქვენ ასე ოპოზიციას არ უნდა ექცეოდეთ. თქვენ განსხვავებულად უნდა მოეპყრათ ოპოზიციას. თქვენ უნდა გააძლიეროთ დემოკრატიული ღირებულებები საქართველოში.
ჩვენ, როგორც ეუთო, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავრიცხოთ სახელმწიფოები ჩვენი რიგებიდან. ჩვენ უნდა ვაინტეგრიროთ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ წავახალისოთ სახელმწიფოები, ეფექტურად დაიცვან ეუთო-ს დემოკრატიული ღირებულებები“, – განაცხადა დანიელ ფაზლერმა.