შვეიცარიელი სპრინტერი პასკალ მანჩინი არ გამოვა მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 6 აგვისტოს ბერლინში იწყება. მიზეზი “ფეისბუქის” გვერდზე სპორტმენის რასისტული განცხადებებია.
„მანჩინიმ ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მეტად საკამათო პოსტები, რაც არღვევს ქცევის კოდექსსა და იმ ხელშეკრულებას, რომელიც სპორტსმენებსა და საერთაშორისო ფედერაციას შორის არის გაფორმებული. მანჩინი ვალდებულია თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ან რასისტული ხასიათის პუბლიკაციებისგან“, – აღნიშნულია შვეიცარიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მანჩინი შეყვანილი იყო ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში. 29 წლის სპორტსმენს უნდა ეასპარეზა 100 მეტრზე სპრინტსა და 4×100 მეტრზე ესტაფეტაში.
2012 წელს, მანჩინიმ დოპინგ-ტესტი ჩააგდო და ორი წლით იყო დისკვალიფიცირებული. წელს, 100 მეტრზე მის საუკეთესო შედეგია – 10.43 წამი.