შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ
შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მსჯავრდებულები „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები არიან, მათ შვიდი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ვლადიმირ პუტინის მეგობრის, ცნობილი მევიოლინის, სერგეი როლდუგინისთვის ანგარიშების გახსნისას არასაკმარისი შემოწმებების ჩატარებაში. სერგეი როლდუგინი ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“.

მსჯავრდებულების სახელები არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ მათგან სამი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი – შვეიცარიის. ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, მუსიკოსმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 30 მილიონი დოლარი განათავსა ისე, რომ არ წარუდგენია სარწმუნო განმარტებები ფულის წარმომავლობის შესახებ.

შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან, უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან დახურონ ისინი, თუ მათ აქვთ ეჭვები ფინანსების მფლობელთან ან თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით.