შვეიცარია: მოსახლეობის 42 პროცენტი თვითდიაგნოსტიკისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

14:16, 12.11.2026
კვლევითი ორგანიზაცია „სოტომოს“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვეიცარიელები ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ როგორც ფიზიკური სიმპტომების შესაფასებლად, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს (საილუსტრაციო ფოტო)

კვლევითი ორგანიზაცია „სოტომოს“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვეიცარიელები ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ როგორც ფიზიკური სიმპტომების შესაფასებლად, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს (საილუსტრაციო ფოტო)

შვეიცარიის მოსახლეობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ხელოვნურ ინტელექტს ორჯერ უფრო ხშირად მიმართავს. სამედიცინო დაზღვევის კომპანია CSS-ის დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, ათიდან ოთხი გამოკითხული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტებს შესაძლო დაავადებების სიმპტომებში გასარკვევად იყენებს.

მსგავსი სერვისების მომხმარებელთა წილი, სულ რაღაც ერთ წელიწადში, 20%-დან 42%-მდე გაიზარდა. როგორც კვლევითი ორგანიზაცია „სოტომოს“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, შვეიცარიელები ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ როგორც ფიზიკური სიმპტომების შესაფასებლად, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს. ამასთან, ამგვარი სერვისების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. სიმპტომების შესაფასებლად ხელოვნური ინტელექტის დახმარებას გამოკითხული ახალგაზრდების უკვე 62% მიმართავს.

65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაშიც კი ამ მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია, მაშინ როცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მხოლოდ 10%-ს შეადგენდა. კვლევის მონაწილეთა მეოთხედზე მეტი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტებს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევს. თუმცა, ხელოვნური ინტელექტი მათთვის ექიმებთან კონსულტაციებს არ ანაცვლებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მსგავსი სერვისები, უპირველეს ყოვლისა, დამატებით ინფორმაციის მიღების წყაროდ გამოიყენება.

მთლიანობაში, კვლევის მონაწილეები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე ერთი წლის წინ. შემცირდა იმ ადამიანთა წილი, ვინც თავს ავადმყოფად მიიჩნევს ან შეუძლოდ ყოფნას უჩივის. თვითშეგრძნების გაუარესების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად, კვლევის დროს, ცუდი ან არასაკმარისი ძილი სახელდება. ეს პრობლემა ჯერ კიდევ კომპანია CSS-ის შარშანდელ კვლევაში გამოიკვეთა: მაშინ მხოლოდ ყოველმა მეხუთე გამოკითხულმა აღნიშნა, რომ ძილთან დაკავშირებული რეგულარული პრობლემები არ აწუხებს.

„სოტომომ“ კვლევა შვეიცარიის სამედიცინო სადაზღვევო კომპანია CSS-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვაში შვეიცარიის გერმანულ-, ფრანგულ- და იტალიურენოვანი რეგიონებიდან 2 549 ადამიანი მონაწილეობდა.

 

სტატიის ავტორები: შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციის ფილიალი (SWI swissinfo.ch) და შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“ (Keystone-SDA)

ფოტო: შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“ (Keystone-SDA)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი, 2026 წელი, 07:00 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი