შვეიცარია კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას მარტიდან გეგმავს
შვეიცარია კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას მარტიდან გეგმავს

შვეიცარია პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმის ეტაპობრივად შემსუბუქებას მარტიდან გეგმავს. როგორც „როიტერი“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს, კორონავირუსთან ბრძოლის ხარჯებმა ქვეყანა ბიუჯეტის ყველაზე დიდ დეფიციტამდე მიიყვანა.

მაღაზიები და ოფისები გასული კვირების განმავლობაში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო დაიხურა. თუმცა, ბოლო დროს ინფექციების გავრცელების ტემპი შემცირდა, რამაც მთავრობას შეზღუდვების გადახედვის შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები მკაცრი შეზღუდვების ინიციატივით გამოდიან, ბიზნესის წარმომადგენები კი  კარანტინის მოხსნას ითხოვენ.

„როიტერი“ წერს, რომ შვეიცარიის მთავრობა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გასაახლებლად ფრთხილ გზას ირჩევს. პირველ ეტაპზე, პირველი მარტიდან მაღაზიების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების გახსნა იგეგმება. მთავრობა ასევე ზოოპარკების, ბაღებისა და სპორტული დაწესებულებების გახსნასაც გეგმავს. კერძო ღონისძიებებზე დასწრების უფლება კი ხუთის ნაცვლად მაქსიმუმ 15 ადამიანს ექნება.

ქვეყნის მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას 24 თებერვალს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ყველაზე დიდ დეფიციტს, 15.8 მილიარდი ფრანკის ოდენობის ზარალს ვარაუდობს, რომელიც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენით არის გამოწვეული.