შვეიცარია: კანაფსა და ტესტოსტერონის დონეს შორის კავშირი გამოვლინდა

13:19, 26.06.2026
ჟენევის უნივერსიტეტი: ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც კანაფს მოიხმარენ, ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე გამოვლინდა

ჟენევის უნივერსიტეტი: ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც კანაფს მოიხმარენ, ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე გამოვლინდა

ჟენევის უნივერსიტეტის მედიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც კანაფს მოიხმარდნენ, ტესტოსტერონის (მამაკაცის მთავარი ანდროგენული ჰორმონი – რედ.) დონე დაახლოებით 23%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მათში, ვინც „ბალახს“ არ მოიხმარს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კანაფი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს ან ფერტილობას (ზრდადასრულებული ორგანიზმის მიერ შთამომავლობის მოცემის უნარი – რედ.) ზრდის.

ადრე გაბატონებული მოსაზრების საპირისპიროდ, ახალი კვლევის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცებში კანაფის მოხმარება ტესტოსტერონის დონის შემცირებას არ იწვევს. პირიქით – ჟენევის უნივერსიტეტის (Université de Genève, UNIGE) მეცნიერებმა კანაფის ახალგაზრდა მომხმარებლებში ამ ჰორმონის უფრო მაღალი დონე აღმოაჩინეს. ამასთანავე, კვლევამ ვერც ფერტილობაზე „ბალახის“ პირდაპირი დადებითი გავლენა დაადასტურა.

როგორც ჟენევის უნივერსიტეტი იტყობინება, მეცნიერებმა 18-დან 23 წლამდე ასაკის 100-მდე შვეიცარიელი წვევამდელის სისხლის ნიმუშები გააანალიზეს. 47 მონაწილეს, რომლებიც კანაფს მოიხმარდნენ, ტესტოსტერონის დონე დაახლოებით 23%-ით მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე იმ 47 მონაწილეს, ვინც მას არ მოიხმარდა. ნაშრომის ავტორების თქმით, ამ ზრდის წყარო, სავარაუდოდ, სათესლე ჯირკვლებში უნდა ვეძებოთ. ამასთან, თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების – მამაკაცის სქესობრივი ჰორმონების – გამომუშავება არ შეცვლილა.

ეს იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ კანაფი, შესაძლოა, უშუალო გავლენას ახდენს ლეიდიგის უჯრედებზე, რომლებიც სათესლე მილაკებს შორის არიან განლაგებულნი და ტესტოსტერონის გამომუშავებაზე აგებენ პასუხს. ამასთან, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ: ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე არ შეიძლება ავტომატურად ჩაითვალოს უკეთესი ხარისხის სპერმის დამადასტურებლად, რადგან ტესტოსტერონსა და მამაკაცის ფერტილობას შორის კავშირი ბევრად უფრო რთულია. მკვლევრები უშვებენ, რომ კანაფმა, შესაძლოა, შეასუსტოს უჯრედების მგრძნობელობა ტესტოსტერონის მიმართ, რის საპასუხოდაც ორგანიზმი ამ ჰორმონის მეტი რაოდენობით გამომუშავებას იწყებს. თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და არა დამტკიცებული ფაქტი.

შესაძლებელია სხვა ვარიანტიც: მამაკაცები, რომლებსაც თავდაპირველადვე ტესტოსტერონის შედარებით მაღალი დონე აქვთ, უფრო ხშირად არიან მიდრეკილნი რისკიანი ქცევისკენ, რაც, შესაბამისად, კანაფის მოხმარებასაც გულისხმობს. ჟენევის უნივერსიტეტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანაფი, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს რეპროდუქციული სისტემის ზოგიერთ ბიოლოგიურ მექანიზმზე. თუმცა, ამ გავლენის ზუსტი კლინიკური შედეგები ჯერჯერობით ბუნდოვანია. მარიხუანის მოხმარების შესაძლო გრძელვადიანი ეფექტის შესაფასებლად შემდგომი კვლევებია საჭირო.

ზემოთ დასახელებული კვლევები ადამიანის ტოქსიკოლოგიის კვლევების შვეიცარიულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. მისი შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Communications Medicine-ში გამოქვეყნდა. ისინი ადასტურებენ დანიასა და აშშ-ში ჩატარებული უფრო ადრეული, მასშტაბური კვლევების მონაცემებს, რომლებშიც ასევე გამოვლინდა კავშირი კანაფის მოხმარებასა და ტესტოსტერონის უფრო მაღალ მაჩვენებლებს შორის. თუმცა, უფრო ძველი და ნაკლებად მასშტაბური კვლევები წინააღმდეგობრივ შედეგებს აჩვენებდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი საპირისპირო ეფექტზეც მიუთითებდა.

სტატიის ავტორი: შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციის ფილიალი (SWI swissinfo.ch)

ფოტოს ავტორი: შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“ (Keystone-SDA)

სთავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 ივნისი 2026, 07:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი