შვედური მედიის ცნობით, უნგრეთს ამ დრომდე არ გადაუგზავნია ვაშინგტონში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტი, რის გამოც გაწევრიანების პროცესი კვლავ ჭიანურდება
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება კვლავ უნგრეთის გამო ჭიანურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
როგორც შვედური გამოცემა DN-ი წერს, უნგრეთს ამ დრომდე არ გადაუგზავნია ვაშინგტონში პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის შესახებ რატიფიცირების დოკუმენტი.
გამოცემის ცნობით, დღეს, 28 თებერვალს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი ვაშინგტონში ცერემონიაზე უნდა გამგზავრებულიყო, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ოფიციალურად დაასრულებდა. თუმცა ამ ვიზიტის გადადება მოუწიათ, ვინაიდან აშშ-ს უნგრეთისგან რატიფიცირების დოკუმენტი არ მიუღია.
მედიის ცნობით, უნგრეთი აღნიშნულს ქვეყნაში 26 თებერვალს გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებით და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციით ხსნის. თუმცა, როგორც მედიაში წერენ, ეს გაჭიანურება ხელოვნურია, რადგან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ლასლო კიოვერს, კანონის მიხედვით, სრული უფლება აქვს, თავად გადააგზავნოს აღნიშნული დოკუმენტი ვაშინგტონში.