შვედი პატიმრები ტარტუს ციხეში არსებულ პირობებს უჩივიან

11:45, 24.09.2026
ტარტუს ციხე

ტარტუს ციხე

ესტონური გამოცემა „პოსტიმეესის“ („ფოსტალიონი“) ცნობით, ტარტუს ციხეში გადაყვანილი შვედი პატიმრები საცხოვრებელ პირობებს უჩივიან. თავიანთი ახლობლების მეშვეობით შვედურ მედიასთან საუბრისას, ისინი, სხვა პრობლემების აღწერასთან ერთად, ასევე აღნიშნავენ, რომ ვახშამზე მიწოდებული წვნიანი არ მოსწონთ და ლითონის თეფშებიდან ჭამა მათთვის მიუღებელია.

შვედი პატიმრები, რომლებიც, ციხის იჯარით გადაცემის შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ტარტუს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, უცნობ საკვებსა და უფრო მკაცრ უსაფრთხოების ზომებს აპროტესტებენ. გამოცემა Expressen-თან საუბრისას, მათი ახლობლები აცხადებენ, რომ პატიმრებს საკვებს ლითონის თეფშებით აძლევენ, რომლებიც ძაღლების საჭმლის ჯამებს ჰგავს. ამასთან, მენიუ ერთფეროვანია და ძირითადად სუპების და ჩაშუშული კერძებისგან შედგება. ნათესავების მტკიცებით, ამის გამო, ზოგიერთმა პატიმარმა წონაშიც კი დაიკლო. ესტონეთში გადაყვანილი შვედი კრიმინალების შეშფოთებას ასევე იწვევს შეიარაღებული ბადრაგი, ტრანსპორტირებისას გალიებში მოთავსება და ღამის შემოწმებები. უშუალოდ პატიმრებთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება ჟურნალისტებს არ მისცემიათ.

შვედეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიციალური პირის, ნიკლას ბელსტრიომის თქმით, საკვებში განსხვავებები მოსალოდნელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ესტონურმა პერსონალმა შვედეთის ციხის სამზარეულოები მოინახულა და მენიუებიც მიიღო. შვედეთმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურთან იქ არსებული პრაქტიკისგან გამონაკლისების დაშვებაზე, კერძოდ – ღამით საკნებში შუქის საათობრივ ჩართვაზე.

ზოგიერთი პატიმარი მიიჩნევს, რომ შვედეთის ციხეში კარგი ყოფაქცევის გამო, ფაქტობრივად, ესტონეთში გადაყვანით დაისაჯა. ესტონეთმა თავდაპირველად შერჩეული მრავალი პატიმრის მიღებაზე, უსაფრთხოების მოსაზრებებით, უარი განაცხადა, რამაც შვედეთი იძულებული გახადა, შერჩევის კრიტერიუმები შეეცვალა.

შვედ პატიმართა პირველი ჯგუფი ტარტუში 18 აგვისტოს ჩავიდა. შეთანხმება ითვალისწინებს 2026 წლის ბოლოსთვის 200-მდე, ხოლო 2027 წლის განმავლობაში -600 შვედი პატიმრის განთავსებას. შვედეთი ფარავს ყველა ხარჯს და ტარტუს პენიტენციური დაწესებულების სრული დატვირთვის შემთხვევაში, ყოველწლიურად 61.2 მილიონ ევროს გადაიხდის.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური (ERR News)

ფოტოს ავტორი: აირიკა ჰარიკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი, 2026 წელი, 15:58 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი