გრეტა ტუნბერგი საფრანგეთში საპროტესტო აქციას შეუერთდა – „ფრანგი მოსწავლეები ახლა მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა ავჯანყდეთ უკიდურესად ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ“
შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ფრანგი ახალგაზრდების საპროტესტო აქციას შეუერთდა. პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში გამართულ დემონსტრაციაზე ტუნბერგმა განაცხადა, რომ ფრანგი მოსწავლეები მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ გამოხატონ პროტესტი ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მდიდარი უმცირესობის ეკონომიკური სარგებლის გამო იტანჯება.
„მე აქ ვარ, რადგან ეს სწორედ ის ადგილია, სადაც პროტესტი დაიწყო. თითქმის სამი კვირაა, აქციები გრძელდება, მოსწავლეები იკავებენ სკოლებს და მასწავლებლები სოლიდარობის ნიშნად იფიცებიან მათთან ერთად, რაც წარმოუდგენლად ლამაზი სოლიდარობაა. და კიდევ ერთხელ, ფრანგი მოსწავლეები ახლა მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა ავჯანყდეთ უკიდურესად ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ და ისინი მაგალითით გვიძღვებიან. ჩვენ ვიცით, რომ ერთი და იგივე მტერი გვყავს, ეს უკიდურესად დამანგრეველი, მავნე სისტემაა, რომელიც მთელ პლანეტას და მსოფლიო მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წირავს იღბლიანი უმცირესობის ხარჯზე, რათა რამდენიმე ადამიანისთვის მოკლევადიანი ეკონომიკური მოგება მიიღოს და გეოპოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – განაცხადა ტუნბერგმა.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაანონსებული. საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები პარიზში გასულ თვეში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.