ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს
ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თავად შვედი ეკოაქტივისტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, შვედ ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს.

15-მეტრიანი კატამარანით გრეტა ტუნბერგი სტარტს ამერიკულ ქალაქ ჰემპტონიდან აიღებს. მოგზაურობა ესპანეთის სანაპიროზე დასრულდება.

ევროპულ ქვეყანაში ეკოაქტივისტი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, რომელიც 2-13 დეკემბრის ფარგლებში არის ჩანიშნული.

კატამარანს პროფესიონალი ბრიტანელი ზღვაოსანი, ნიკი ჰენდერსონი მართავს. ბორტზე იქნება გრეტა ტუნბერგის მამაც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ეკოაქტივისტთან ერთად ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაცურა. ამასთან, ბორტზე იქნება ავსტრალიელი ბლოგერი წყვილის 11 თვის შვილიც.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, კატამარანი, რომლითაც გრეტა ტუნბერგმა ატლანტის ოკეანე უნდა გადალახოს, მზის ენერგიით და ჰიდროგენერატორით იმართება. ის გარემოს არ აბინძურებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კატამარანით მოგზაურობას 2-3 კვირა დასჭირდება. ექსპერტების მოსაზრებით, ნოემბერი მსგავსი მოგზაურობისთვის შესაფერისი დრო არ არის.

გრეტა ტუნბერგი თივთმფრინავით მოგზაურობაზე უარს საფრენი აპარატის მიერ გარემოს დაბინძურების გამო ამბობს. მანამდე აშშ-ში გამგზავრების დროს შვედმა ეკოაქტივისტმა მოგზაურობის იგივე ფორმას მიმართა. მან ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაცურა.