შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი 8 ათასი პირიდან უმრავლესობა სრულწლოვანი აღმოჩნდა
შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი 8 ათასი პირიდან უმრავლესობა სრულწლოვანი აღმოჩნდა

შვედეთში თავშესაფრის მაძიებელ მცირეწლოვან მიგრანტთა უმეტესობა სრულწლოვანი აღმოჩნდა. შვედეთში ეროვნული ექსპერტიზის სააგენტომ 8 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელი შეამოწმა და მათგან 6628 ნამდვილად 18 წელს გადაცილებული აღმოჩნდა. 112 პირი კი, სავარაუდოდ, 18 წლის ან უფროსია. BBC-ის ინფორმაციით, შემოწმება ჩაუტარდათ მხოლოდ იმ პირებს, ვის ასაკთან მიმართებაშიც საიმიგრაციო სამსახურს ეჭვი შეეპარა. ასაკის დასადგენად მიგრანტებს სიბრძნის კბილის რენტგენი და მუხლის სახსრების მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდათ.

საიმიგრაციო სააგენტოში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონიდან გამოქცეული პირებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა ჩვეული მოვლენაა. თუმცა, მიგრანტები ხშირად ასაკს იმ მიზეზით მალავენ, რომ არასრულწლოვნების სამშობლოში დეპორტაცია არ ხდება. საიმიგრაციო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც საომარ პირობებში მყოფ ქვეყანაში დაბადებულმა ბავშვებმა არ იციან მათი დაბადების ზუსტი თარიღი.

2015-2016 წლებში შვედეთს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით 80 ათასამდე მშობლისა თუ მეურვის გარეშე ქვეყანაში შესულმა არასრულწლოვანმა მიმართა.