შვედეთში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, სპეციალისტების ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს
შვედეთში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, სპეციალისტების ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს

შვედი ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები და მკვლევარები შვედეთის მთავრობას აკრიტიკებენ.

„გარდიანის” ინფორმაციით, 22 ექიმი, ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი და მკვლევარი, ღია წერილში ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებს.

„ბევრს სურს, წარმოიდგინოს, რომ შვედეთს აქვს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის განსხვავებული გზით უმკლავდებოდა ინფექციის გავრცელებას. ბევრს სურს,  წარმოიდგინოს, რომ ჩვენი მთავრობა კარგად მოემზადა ეპიდემიისთვის, თუმცა ასე რომ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა სიკვდილობის მაჩვენებლით (მოსახლობის რაოდენობის პროპორციულად) იტალიას არ გაუტოლდებოდა და ეს მაჩვენებელი არ იქნებოდა ფინეთზე ათჯერ დიდი, როგორც დღესაა. ეს სტრატეგია ეფექტური რომ ყოფილიყო, სტოკჰოლმის ხანდაზმულთა სახლების მკვიდრთა ნახევარი არ დაინფიცირდებოდა და ექიმების 20 პროცენტის ტესტის პასუხიც უარყოფითი იქნებოდა“, – ნათქვამია ღია წერილში.

ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები შვედეთის მთავრობას მოუწოდებენ, ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგია სასწარფოდ  შეცვალოს.

„აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა. უნდა დაიხუროს სკოლები და რესტორნები, ისევე როგორც ფინეთშია. ყველამ, ვინც ხანდაზმულებთან მუშაობს, უნდა გამოიყენოს ადეკვატური დამცავი საშუალებები. თუ ოჯახის ერთი წევრი ავადაა, აუცილებელია დანარჩენების კარანტინში გადაყვანა. უთხარით მოსახლეობას, რომ ნებისმიერი შეიძლება, გახდეს ავად“, – ნათქვამია ღია წერილში.

შვედეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გამო, მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე უარი თქვა.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 1033 ადამიანი დაიღუპა. სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 11 445 შემთხვევა.

შვედეთის მეზობელ ფინეთში, რომელიც მოსახლეობაც შვედთზე ორჯერ ნაკლებია, კორონავირუსის შედეგად 64 ადამიანია გარდაცვლილი.

დატოვე კომენტარი