შვედეთში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს
შვედეთში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. საუბარია მეტალებზე, რომლებსაც მობილურებისა და რაკეტების წარმოებაში იყენებენ. ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალების მოპოვება არ ხდება. სტოკჰოლში აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა დაეხმარება ევროპას ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

შვედეთში საბადოს აღმოჩენას ასევე უწოდეს გადამწყვეტი ევროპის მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირი იშვიათი სახეობის მეტალების 98%-ის ექსპორტს ჩინეთიდან ახდენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება.

იშვიათი მეტალები აერთიანებს 17 სახეობის მეტალს – ისინი გამოიყენება იმ პროდუქტების წარმოებისთვის, რომლებიც დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათ შორისაა მობილური ტელეფონები, ინფორმაციის შემნახველი მყარი დისკები და ინფორმაციის მატარებლები. ეს მეტალები მნიშვნელოვანია ე.წ. მწვანე ტექნოლოგიებისთვის, მაგალითად, ელექტროავტომობილებისა და ქარის ტურბინების საწარმოებლად. ასევე, ეს მეტალები საჭიროა სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ასეთ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 5-ჯერ გაიზრდება.

შვედეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალაღმოჩენილი საბადოდან მეტალები ბაზარზე, სულ მცირე, 10-15 წელიწადში მოხვდება, რადგანაც საბადოს ათვისებისთვის საჭიროა ნებართვები და ეკოლოგიური საფრთხეების შეფასება. შვედეთის სამთომომპოვებელი კომპანია, რომელმაც ახალი საბადო აღმოაჩინა, მოუწოდებს მთავრობას, ნებართვების გაცემის პროცესი დააჩქაროს.