შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელი – არსებობს რეალური რისკი, ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს და ეს მოხდეს ისეთი გზით, რომლის წინასწარ განსაზღვრაც რთულია
არსებობს რეალური რისკები, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობა შეიძლება, გაუარესდეს, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის (SAPO) წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„არსებობს რეალური რისკი, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და შეიძლება მოხდეს ისეთი გზით, რომლის წინასწარ განსაზღვრაც რთულია“, – განაცხადა შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელმა, შარლოტ ფონ ესენმა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოური სახელმწიფოები მოქმედებენ ისეთი მეთოდებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, იყენებენ ჰიბრიდულ აქტივობებს შვედეთისა და ევროპის დესტაბილიზაციისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო წლებში შვედეთის ხელისუფლება შეშფოთებულია გაზრდილი საფრთხეებით როგორც უცხოური სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან, ასევე ექსტრემისტული ჯგუფებისგან, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა ქმედებაში, მათ შორის ძალადობრივ თავდასხმებსა და ჰიბრიდულ ომში.