შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკი ლიდერობს
შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკი ლიდერობს

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკი 39.6%-ით იმარჯვებს. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, გამოკითხვების შედეგი შვედურმა ტელეკომპანია SVT-მა გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ადგილს 39.4%-ით მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იკავებს.

მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკში ოთხი პარტია შედის: ლიბერალ-კონსერვატიული ზომიერი კოალიცია, ცენტრის პარტია, ლიბერალების პარტია და ქრისტიან-დემოკრატები.

მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსში სამი პარტიაა: სოციალ-დემოკრატები, მწვანეების პარტია და მემარცხენე პარტია.

SVT-ს ცნობით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში რეკორდული შედეგი დააფიქსირა ანტიიმიგრაციულმა, ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატებმა“, რომელსაც 19.2% აქვს.

რაც შეეხება პარტიების შედეგებს, პირველ ადგილზე 26.2%-ით მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატებია“, რომლის მხარდამჭერების რიცხვი, წინა არჩევნებთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა.

შვედეთის ერთპალატიან პარლამენტში 349 დეპუტატია.