შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა
შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში, სკონეში, ვეიბის ვენახში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით წარსდგა მარანის მეპატრონე იეპე აპელინი, რომელმაც საქართველოს შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანს ვოლმარკმა.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე. შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა კი ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე რეგიონში. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება,სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა, თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.
