შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამარცხვინოა, რომ ევროპა აგრძელებს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ამით აგრესორის დაფინანსებას
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის თქმით, სამარცხვინოა, რომ ევროპა აგრძელებს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ამით აგრესორის დაფინანსებას.
ლატვიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მარია მალმერ სტენერგარდმა აღნიშნა, რომ ევროპამ უფრო გადამწყვეტად და სწრაფად უნდა იმოქმედოს და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
„კვლავ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში, რომელიც ითვალისწინებს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინისთვის. მაგრამ ამ გადაწყვეტილებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ იმ ყველა იმპორტს, რაც ჩვენ განვახორციელეთ ენერგიის მხრივ რუსეთიდან სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, და თუ გამოვაკლებთ ევროკავშირის მხრიდან გაწეულ მთლიან მხარდაჭერას, ჩვენ მივდივართ მინუსში და ეს სირცხვილია. სხვა ქვეყნებმაც უნდა გააკეთონ ის, რასაც ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკეთებენ, ანუ სიტყვა საქმით დაამტკიცონ. ყველა ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინას და რომ ისინი არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც. მაგრამ მაშინ ნამდვილად უნდა გადაიხადო შესაბამისად.
ბევრი ქვეყნით იმედგაცრუებული ვარ. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმების ინტენსივობას კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ახლახან გავიგეთ საშინელი ამბავი სამგზავრო მატარებელზე თავდასხმის შესახებ. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, აქედან გამომდინარე წამოიჭრა სანქციების მე-20 პაკეტის შესახებ წინადადებები. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავუწიოთ უკრაინას მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა მალმერ სტენერგარდმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის სამხედრო ეკონომიკას.
„სანქციების პაკეტებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და რუსეთის ეკონომიკა განიცდის ზიანს, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ცდილობენ, რიცხვები შეცვალონ. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სანქციების ახალი პაკეტების მიღების გაგრძელება იქამდე, ვიდრე ომი გრძელდება, რადგან ისინი მუდმივად პოულობენ ახალ გზებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამიტომ ჩვენ ჭკვიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვერგოთ ამას და მუდმივად ვეცადოთ, ვიპოვოთ ახალი გზები მათთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა მალმერ სტენერგარდმა.
ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელმა რიტორიკამ და ახალი ტარიფების მუქარამ დააზიანა ალიანსის მიმართ ნდობა.
„ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ამან, ასევე, ყურადღება გადაიტანა იქიდან, რაზეც ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება, კერძოდ, რუსეთზე ზეწოლასა და უკრაინის მხარდაჭერაზე. თუმცა აშშ კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არის ის, რასაც ჩვენ ვაფასებთ. მაგრამ ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპულ უსაფრთხოებაში და უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ მიჰყვება შვედეთი ლატვიის გზას და ბევრად მეტ ინვესტიციას დებს საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებში. თუმცა მე ასევე ვფიქრობ, რომ ევროპამ, როგორც მთლიანობამ, უნდა გადადგას ნაბიჯი რამდენიმე სხვა სფეროში, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა და ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც აუცილებელია“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.