შვედეთის პრემიერის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკად-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა
შვედეთის პრემიერის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკად-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკად-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა.

პრემიერის თქმით, შვედეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა ნატო-სთან და მეზობელ ქვეყნებთან, დანიასთან და გერმანიასთან.

„ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიიდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან. საუბარი არ არის შვედეთის ან დანიის ტერიტორიაზე თავდასხმაზე, თუმცა მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს სიახლოვეს უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გაზსადენებზე გაჟონვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამჟამად არც ერთი მათგანი არ მუშაობს. ევროპა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.