შვედეთის პრემიერი აცხადებს, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში - „შვედეთში გვაქვს ტრადიცია, არ ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა არჩევნებში, პატივს ვცემთ ფაქტს, რომ ქვეყნები თავად აკეთებენ არჩევანს“
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, აშშ არ უნდა ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში. ამის შესახებ შვეხეთის პრემიერ-მონისტრმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვოუში ისაუბრა.
„შვედეთში მსგავსი არაფერი გვინახავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მივესალმებოდი ნებისმიერი სახის ჩარევას“, – აღნიშნა კრისტერსონმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიაში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ის არ თვლის მართებულად, პოლიტიკური ლიდერები სხვა ქვეყნების არჩევნებში ერეოდნენ.
„შვედეთში გვაქვს ტრადიცია, არ ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა არჩევნებში და არ გამოვხატოთ მათზე პოზიცია. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ფაქტს, რომ ყოველი ქვეყანა, ყოველი ამომრჩეველი ყოველ დემოკრატიაში თავად აკეთებს არჩევანს“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
კრისტერსონმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გამართა შვედეთის რვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სადაც განიხილეს „შვედეთის საარჩევნო კამპანიაში არალეგიტიმური უცხოური ჩარევის“ რისკები. მან მკაფიოდ გაავლო ზღვარი საზღვარგარეთიდან მომდინარე „ლეგიტიმურ“ კომენტარებსა და „უკანონო“, რუსეთის გავლენით განხორციელებულ მცდელობებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავს არჩევნების ჩაშლას.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ახლახან დაფიქსირდა ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა მოლდოვა.
„ჩვენ გვყავს სააგენტოები, რომლებიც ცდილობენ ამგვარი საქმიანობის გამოვლენას, ვისაუბრებთ ხმამაღლა და ვიმოქმედებთ გამჭვირვალედ. კონკრეტულად დავასახელებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მსგავსი ქმედებების განხორციელებას ცდილობენ“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა „სუსტი“ ადამიანების ხელმძღვანელობით იმართება და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც მის ხედვას ეთანხმებიან.