შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ქვეყანა ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს. „გარდიანის“ ცნობით, ეს განცხადება ულფ კრისტერსონმა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელების დაზიანების ფაქტზე საუბრისას გააკეთა.

შვედეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ბალტიის ზღვაში სამ სამხედრო ხომალდს და სადაზვერვო თვითმფრინავს გააგზავნის, რათა ხელი შეუწყოს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მონიტორინგის გაძლიერებისკენ.

კრისტერსონის თქმით, „მტრული განზრახვების გამორიცხვა შეუძლებელია“.

„შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს. ნამდვილი მშვიდობა მოითხოვს თავისუფლებას და ქვეყნებს შორის სხვადასხვა კონფლიქტის არარასებობას, მაგრამ ჩვენ და მეზობელი ქვეყნები მოწყვლადები ვართ ჰიბრიდული თავდასხმებისადმი, რომლებსაც ახორციელებენ არა რობოტებით ან სამხედროების გამოყენებით, არამედ კომპიუტერებით, ფულით, დეზინფორმაციით და საბოტაჟის რისკებით“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, ვისაც სურს მშვიდობა, უნდა იყოს მზად ომისთვის. კრისტერსონმა განაცხადა, რომ ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი კაბელის დაზიანების შემდეგ შვედეთმა ადგილზე სამაშველო გემი გაგზავნა.

„შვედეთი არავის ადანაშაულებს საბოტაჟში მყარი მიზეზების გარეშე. სამუშაო გრძელდება და ეროვნული უშიშროების საბჭო ინფორმაციას იღებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიამიტები. უსაფრთხოების კუთხით სიტუაციამ და იმან, რომ დროდადრო უცნაური რაღაცები ხდება ბალტიის ზღვაში, მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მტრული განზრახვების გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

ულფ კრისტერსონის თქმით, ის 14 იანვარს ამ საკითხზე ისაუბრებს ჰელსინკიში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრაზე.