შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას სიგიჟეს უწოდებს
შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდრეს ტეგნელმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას სიგიჟე უწოდა. განცხადება ანდრეს ტეგნელმა შვედეთის რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.
ტეგნელმა კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომლის თანახმადაც, შვედეთის მოქალაქეები ეპიდემიოლოგების მიერ არჩეული სტრატეგიის მიმართ ნდობას კარგავენ. როგორც ცნობილია, შვედეთის ხელისუფლებას დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით, მკაცრი შეზღუდვები არ შემოუღია და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად წესების დაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა მოქალაქეებს დააკისრა. როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, მოქალაქეების მხრიდან ვირუსოლოგებისა და ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ასეთი მიდგომის მიმართ ნდობა 12 პროცენტით შემცირდა.
გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებს ნეგატიურად აფასებენ.
შვედეთში კორონავირუსს 5 230 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 511 გარდაცვლილს ნიშნავს. ეს მაჩვენებელი მეზობელ დანიაში 104-ს, ფინეთში 59-ს, ხოლო ნორვეგიაში 47-ს შეადგენს.