შვედეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას არ ეთანხმება
შვედეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას არ ეთანხმება. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეს იგმანმა ადგილობრივ რადიოს განუცხადა, ევროკავშირს მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვების დაწესება შეუძლია.
„ვფიქრობ, ვიზების გაცემის სრულად შეჩერება რთული და არასწორი იქნებოდა. მეორე მხრივ, მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა, მაგალითად, გამარტივებული სავიზო პროცედურის გაუქმება, არის ის, რისკენაც ჩვენ, ესტონეთი, ფინეთი და სხვები მივისწრაფვით ევროკავშირში“, – განაცხადა შვედეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეჩერებამ შესაძლოა, შეცდომები გამოიწვიოს.
„ჩვენ გვსურს, რომ სანქციებმა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას დაარტყას. თუ ვიზების გაცემას სრულად შევწყვეტთ, მაშინ დისიდენტები, მეცნიერები ვერ ჩავლენ ევროკავშირში. ასეთი გაცვლა ჩვენ რუსეთთან ჯერ კიდევ გვსურს“, – განაცხადა იგმანმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხზე მსჯელობას აგვისტოს ბოლოს აპირებს.