შვედეთი დაძაბული საყოველთაო არჩევნების მოლოდინშია
შვედეთის პრემიერ-მინისტრი და „ზომიერების პარტიის“ ლიდერი, ულფ კრისტერსონი, საყოველთაო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ტელეკომპანია TV4-ის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობს. სტოკჰოლმი, 2026 წლის 10 სექტემბერი
კვირას, 13 სექტემბერს, შვედი ამომრჩევლები მიდიან არჩევნებზე, რომლის შედეგების პროგნოზირება მეტად რთულია. შვედეთის ამჟამინდელ მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობასთან 4 წლის განმავლობაში უჩვეულოდ მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ, საარჩევნო პროცესებს პოლონეთშიც ყურადღებით ადევნებენ თვალს.
გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მემარცხენე ოპოზიცია, სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით, პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას მცირედით უსწრებს.
ბოლო 11 გამოკითხვის საშუალო მაჩვენებლით, ოპოზიციურ ბლოკს 51.5% უჭერს მხარს, ხოლო მოქმედ მთავრობას და მის ნაციონალისტ მოკავშირე „შვედ დემოკრატებს“ – 46.4%. ამ კვირაში კომპანია Novus-ის მიერ TV4-ის შეკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სხვაობა ამჟამად მხოლოდ 2.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ დებატებში, საგარეო პოლიტიკის საკითხები თითქმის არ ფიგურირებდა, რადგან ყურადღება ძირითადად საშინაო, ეკონომიკურ და კლიმატის თემებზე იყო გამახვილებული.
ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადეს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, ვარშავასთან ურთიერთობები არ დაზარალდება. მათ პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ შვედეთის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში აქტიურობის კუთხით. სოციალ-დემოკრატების პოტენციური კოალიციური პარტნიორები, „მემარცხენე პარტია“ და „მწვანეები“, თავის დროზე, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ახლა ალიანსის დატოვებას აღარ ითხოვენ.
სავარაუდოდ, პარტია ასევე გაზრდის სხვა ქვეყნების განვითარებისთ მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების მოცულობას, არც უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს და აღადგენს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის მოდელი 2014 წლის „ფემინისტური საგარეო პოლიტიკა“ იქნება. სავაჭრო პოლიტიკაში, სავარაუდოდ, უფრო მეტი ადგილი დაეთმობა მწვანე ტექნოლოგიებს. მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შესაძლო კანდიდატებად ევროკომისარი, ილვა იოჰანსონი და ყოფილი მინისტრი, მორგან იოჰანსონი სახელდებიან.
კრისტერსონის მმართველობის პერიოდში შვედეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ოფიციალურად გაფორმებით დასრულდა, რომელსაც მან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 2024 წლის შემოდგომაზე მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობა ყველაზე სწრაფად თავდაცვის სფეროში განვითარდა.
პოლონეთმა შვედური წყალქვეშა ნავები იყიდა, ხოლო შვედეთმა – პოლონური Piorun-ის საზენიტო რაკეტები. გასულ ზაფხულს შვედური გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებდნენ, ხოლო პოლონელმა მედესანტეებმა შვედეთის კუნძულ გოტლანდზე საწვრთნელი სამხედრო სწავლება გაიარეს. შვედეთმა ასევე წამყვანი როლი იკისრა ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფართოვდება ბიზნესკავშირებიც. პოლონეთში 700-ზე მეტი შვედური კომპანია ოპერირებს, მათ შორის – Ericsson-ი და IKEA, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%-ს ქმნიან და 109 000 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. მარტში, ვარშავასა და გდანსკში ვიზიტისას, მეფე კარლ XVI გუსტავსა და დედოფალ სილვიას თან ახლდა რეკორდული, 65 კომპანიისგან შემდგარი შვედური სავაჭრო დელეგაცია.
ნოემბერში სტოკჰოლმში გამართულ ბიზნესსამიტზე შვედეთის ვაჭრობის მინისტრმა, ბენჯამინ დოუსამ შვედურ კომპანიებს პოლონეთში ახალი ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. მან საკუთარ თავს მთავრობაში „ყველაზე პოლონელი მინისტრი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ეროვნებით პოლონელია.
ვინც არ უნდა გაიმარჯვოს კვირას გამართულ არჩევნებში, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოელიან, რომ შვედეთი კვლავ მათი ქვეყნის საკვანძო რეგიონულ მოკავშირედ დარჩება.