„შუქურას“ სარდალიშვილის გოლმა ვერ უშველა - „დილა“ მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT
„შუქურას“ სარდალიშვილის გოლმა ვერ უშველა - „დილა“ მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მე-10 ტურის პირველ შეხვედრას ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენამ“ უმასპინძლა – ქობულეთის „შუქურამ“ გორის „დილა“ მიიღო და ქულები გაიყო.

53-ე წუთზე ანგარიშის გახსნა გორელებს შეეძლოთ. ირაკლი ბიძინაშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ირაკლი ბიღრიძეს ახლოდან თავური დარტყმის შედეგად გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა, დაცვის დასახმარებლად უკან ჩასულმა ქობულეთელთა შემტევმა ლევან ინგოროყვამ კი ბურთი მოიგერია და ვითარება განმუხტა.

საპასუხო შეტევაზე კი ქობულეთელებმა ანგარიში გახსნეს. 54-ე წუთზე „დილას“ მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა ახლოდან ინგოროყვას დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მიშიკო სარდალიშვილმა ზუსტად დაარტყა და სეზონში მე-4 გოლით „შუქურა“ დააწინაურა.

გორელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და ანგარიში გაათანაბრეს. ამოს ნონდის ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ რეზო ჩიტეიშვილი დარჩა და ზუსტად დაარტყა 1:1. დამატებულ მეორე წუთზე შალვა ექვთიმიშვილმა მეკარესთან პირისპირ გიორგი ჩელებაძე დატოვა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

10 ტურის შემდეგ „შუქურამ“ 13 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზეა, ხოლო „დილა“ 18 ქულით ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო აჭარლებს, რომელთაც ერთი მატჩი მარაგში აქვთ.

დღეს ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება – „სამტრედია“ „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ „საბურთალოს“ მიიღებს.

დატოვე კომენტარი