შუქრი ბურჭულაძე – დაველოდოთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და შემდეგ განვიხილავთ, პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება, თუ თავისუფლებაზე
ჯერ დაველოდოთ 4 ოქტომბრის საქმეზე ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და შემდეგ განვიხილავთ, პაატა ბურჭულაძე ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ციხეში უფრო ფასეული იქნება, თუ თავისუფლებაზე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე აზრით, 4 ოქტომბრის მოვლენების ყველა ორგანიზატორი და ლიდერი ვალდებულია, ციხეში იყოს, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ადამიანი არ გათავისუფლდება.
„სხვა ადამიანებმა, ჩემი პერსონალური აზრით, აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება და გავიდნენ თავისუფლებაზე. შემდგომში უნდა ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება. შეიძლება, საერთოდ აღარ იყოს „ქართული ოცნება“ და აღარ იყოს აუცილებელი საპროცესოს გაფორმება. ეს არის ჩემი, და არა პაატას, პოზიცია. პაატამ რაც დაწერა, ეს მისი პოზიციაა. მე ვაჟღერებ ჩემს პოზიციას“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.