შუალედური არჩევნები აშშ-ში: შეიძლება თუ არა, რომ დონალდ ტრამპმა ყველაფერი დაკარგოს?
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კენტუკის შტატის ქალაქ ჰაილენდ-ჰაიტსში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. 2026 წლის 17 ოქტომბერი
შუალედური არჩევნები აშშ-ში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის თავზე, მისი ვადის შუა პერიოდში ტარდება. ამერიკელები ირჩევენ წარმომადგენერთა პალატის ყველა, 435-ვე წევრსა და სენატის ერთ მესამედს, ანუ 100-დან 35 სენატორს. სენატში რესპუბლიკელებს ამჟამად 53 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი – 47. რესპუბლიკელებს წარმომადგენერთა პალატაშიც ძალიან არამყარი უმრავლესობა აქვთ: 218 რესპუბლიკელი, 214 დემოკრატის წინააღმდეგ.
მთავარი საკითხები, რომლებიც ამ არჩევნების შედეგებზე იქონიებს გავლენას, ძალიან კონკრეტულია: ინფლაცია, ენერგომატარებლების ხარჯები, სურსათის და საწვავის ფასები, ომი ირანის წინააღმდეგ, ტარიფები და მათი გავლენა ამერიკელების საფულეებზე.
ამ გადამწყვეტ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის პოპულარობა, გამოკითხვების თანახმად, კატასტროფულად ეცემა. ამერიკელების 2/3 მას აღარ ენდობა. ამიტომ, პრეზიდენტი კამპანიაში აქტიურად არის ჩართული, რათა მხარდამჭერები შემოიკრიბოს. იმისათვის, რომ კონგრესში უმრავლესობა არ დაკარგოს, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, საარჩევნო კამპანიის ცენტრში საკუთარი თავი დააყენოს – ის იმ შტატებში მოგზაურობს, სადაც რესპუბლიკური მანდატები საფრთხის ქვეშაა. ამის გამო, ეს არჩევნები დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ან მის წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენს.
5 000-დოლარიანი ჯილდო თითოეულ სრულწლოვანზე
სენატში უმრავლესობის დასაბრუნებლად, დემოკრატებს, ახლანდელთან შედარებით, სულ მცირე, 4-ით მეტი მანდატის მოპოვება ესაჭიროებათ. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა გარკვეულ შტატებს ენიჭება. ესენია: მიჩიგანი, მეინი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, აიოვა, ალასკა და ტეხასი.
საქმე ისაა, რომ დემოკრატმა კანდიდატმა სენატორის არჩევნებში, შესაძლოა, ტეხასშიც კი გაიმარჯვოს – შტატში, რომელიც რესპუბლიკელების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად მიიჩნევა. მათ კანდიდატს ჯეიმს ტალარიკო ჰქვია. ის რესპუბლიკელ კანდიდატ კენ პაქსტონს თითქმის მხარდამხარ მიჰყვება. ეს უკანასკნელი თავის დემოკრატ მეტოქეს „რადიკალსა“ და „სოციალისტს“ უწოდებს. ტეხასში რესპუბლიკელების დამარცხება ისტორიული მოვლენა იქნება.
ამიტომ, დონალდ ტრამპი შტატში უამრავ შეხვედრას მართავს და სულ უფრო დაუჯერებელ დაპირებებს იძლევა, რითაც საარჩევნო კორუფციის ზღვარსაც კი უახლოვდება.
ის ამერიკელი ამომრჩევლების ხმების მოსყიდვას ცდილობს: პირობას დებს, რომ თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გაიმარჯვებენ, თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 000 დოლარს გადაუხდის. ამ დაპირების შესასრულებლად კი 1,3 ტრილიონ დოლარზე მეტის გადახდა იქნება საჭირო.
თუმცა, იმ ფონზე, როდესაც ენერგომატარებლებზე გადასახადები სულ უფრო იზრდება, დემაგოგიამ, შესაძლოა, შედეგი გამოიღოს. პრეზიდენტის ყველაზე ერთგული მხარდამჭერები მზად არიან, ბოლომდე დაუჯერონ მას.
არადა, რესპუბლიკელი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დღეს იმედგაცრუებულია. ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი პოლიტიკაა, რომელმაც შეერთებულ შტატებში არაერთი ოჯახი დაანგრია. მაგალითად, უეინ დემარიოს კუბელი მეუღლე, იამი მექსიკაში გააძევეს. ახლა ის მწარედ ნანობს, რომ ორი წლის წინ ტრამპს მისცა ხმა.
რატომ დებს ტრამპი მაღალ ფსონებს?
წარმომადგენერთა პალატის არჩევნებში 435-ვე მანდატი „თამაშდება“. შესაბამისად, შეერთებული შტატები დაყოფილია 435 საარჩევნო ოლქად. თითოეულ ოლქში დაახლოებით 760 000 ამომრჩეველი ცხოვრობს და ისინი ერთ წარმომადგენელს ირჩევენ.
წარმომადგენერთა პალატისთვის ბრძოლაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა რამდენიმე შტატს ენიჭება – მთავარი ბრძოლები გაჩაღდება პენსილვანიაში, აიოვაში, არიზონაში, მიჩიგანში, ნიუ იორკში, ფლორიდაში, კალიფორნიასა და ტეხასში.
წელს საარჩევნო რუკები რამდენიმე შტატმა შეცვალა, რათა ერთმა რომელიმე მხარემ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს. ამ მიზნით, საარჩევნო ოლქების საზღვრებს ისე ცვლიან, რომ მოწინააღმდეგე პარტიის მხარდამჭერები სხვადასხვა ოლქში გადაანაწილონ და ამ გზით, საკუთარი პარტიის ამომრჩევლებს უპირატესობა შეუნარჩუნონ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, დონალდ ტრამპი გამარჯვებისთვის ყველა ბერკეტს იყენებს. ის საბიუჯეტო სახსრებით აფინანსებს აბსურდულ რეკლამებს, მიტინგებზე კი თავის მომხრეებს იმასაც თხოვს, ხელი გულზე დაიდონ და დაიფიცონ, რომ ხმას მას მისცემენ.
თუ რესპუბლიკელები ორივე პალატას შეინარჩუნებენ, პრეზიდენტს საშუალება ექნება, თავისი პოლიტიკა გააგრძელოს ან კიდევ უფრო აქტიურად გაატაროს ის. მარცხის შემთხვევაში კი, დონალდ ტრამპი მართვის ძირითად ბერკეტებს დაკარგავს: ახალი კანონმდებლობა დაიბლოკება, შესაძლოა დაიწყოს გამოძიება მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, და საერთოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესიც აგორდეს.
დემოკრატებისთვის წარმომადგენერთა პალატის დაბრუნება, სენატთან შედარებით, სავარაუდოდ, უფრო ადვილი იქნება. თუმცა, დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ექსცესების გამორიცხვა შეუძლებელია. პრეზიდენტმა, შესაძლოა, არჩევნების შედეგები კვლავ გაასაჩივროს, გაყალბებაზე ისაუბროს და რესპუბლიკელების დამარცხება არ აღიაროს. თუკი ასე მოხდება…