შუახევის მუნიციპალიტეტში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებს ცხრა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შუახევის მუნიციპალიტეტში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებს ცხრა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები – ა. დ. და ხ.ც. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში ძარცვისთვის ნასამართლევი ა.დ. და ხ.ც. დანის დემონსტრირებით და ძალადობით თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის“ მოლარე-ოპერატორს ნ.დ.-ს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7 362 ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. იმავე დღეს დააკავეს. ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო ხ.ც.-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს ცხრა წლით, ხოლო ხ.ც.-ს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.