შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო
შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე შუახევიჰესი (178 მგვტ) გაეშვა, ხოლო სხალთაჰესის (ცხრა მგვტ) ოპერირების დაწყება გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია”“ ავრცელებს.

შუახევიჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთაჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევისჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევიჰესი ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, – აცხადებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში.

კომპანია განმარტავს, რომ შუახევის ჰესების კასკადი ჯამურად  450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

„შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგოპროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შუახევიჰესის პროექტის მფლობელები არიან ნორვეგიული Clean Energy Invest, ინდური Tata Power და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). შუახევიჰესი სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ფინანსდება.