„შტურმმა“ გამარჯვება გაანიავა - კიტეიშვილმა „რაპიდს“ გაუტანა
„შტურმმა“ გამარჯვება გაანიავა - კიტეიშვილმა „რაპიდს“ გაუტანა

ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი იწვნია.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველის გუნდი ფინალურ ექვსეულში ძალიან წარუმატებლად თამაშობს, ზედიზედ სამი მატჩი წააგო – ამის ფონზე მოულოდნელი იყო, რომ ერთ-ერთ ლიდერს ბრძოლა გაუმართა და მოგებასთან ახლოს იყო.

„მერკურ-არენაზე“ გამართულ მატჩში გრაცელებმა ანგარიში 34-ე წუთზე სტეფან ჰერლანდერის გოლით გახსნეს. 45+2-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კიტეიშვილმა გაზარდა – ეს ქართველისთვის სეზონში მეხუთე გოლი აღმოჩნდა.

მაგრამ გრაცელებმა გამარჯვების შანსი გაანიავეს. 51-ე წუთზე „რაპიდის“ მოთამაშე კელვინ არაზემ სხვაობა შეამცირა, 83-ე წუთზე სტეფან შვაბმა პენალტით წონასწორობა აღადგინა – 2:2, 90+1-ე წუთზე კი ერკან კარამ ვენელებს გამარჯვება მოუტანა – 2:3.

30 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 19 ქულა დააგროვა და ფინალურ ექვსეულში ისევ ბოლო ადგილზეა, „რაპიდმა“ კი 35 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.