შტორმმა „ლიმ“ კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში და ამერიკის მეინის შტატში პრობლემები შექმნა
შტორმმა „ლიმ“ კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში და ამერიკის მეინის შტატში პრობლემები შექმნა

შტორმმა „ლიმ“ კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში და ამერიკის მეინის შტატში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო დატბორილია გზები, წაქცეულია ხეები. ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც კანადაში და ასევე აშშ-ში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მეინის შტატში დაღუპულია ერთი ადამიანი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა.

შტორმი კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციას პოსტტროპიკული ციკლონის სახით დაატყდა თავს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, შტორმი ჩრდილოეთით მიემართება. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს. როგორც მოსალოდნელია, შტორმის სიმძლავრე შესუსტდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ახალ შოტლანდიაში ელექტროენერგიის გარეშე იყო 120 ათასამდე ადამიანი, მეზობელ პროვინცია ნიუ-ბრაუნსუაიკში კი დენის მიწოდება 20 ათასამდე მოსახლეს შეუწყდა. მეინის შტატში კი ელექტროენერგია 70 ათასს მოქალაქეს არ მიეწოდებოდა.