შსს-ში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოიღეს
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
დღეს სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.