შსს - ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს, რომელთა საერთო ღირებულება „შავ ბაზარზე“ შვიდ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე შვიდ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
„საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: ორი კილოგრამი მეთადონი; 379 კილოგრამი კანაფი, 4 179 გრამი ჰეროინი; 218 გრამი კოკაინი; 261 გრამი ალფა-პვპ; 95 გრამი კეტამინი; 28 გრამი კლეფედრონი; 707 გრამი და 755 ტაბლეტი „მდმა“; 928 აბი „მეთადონი“; 811 აბი ბუპრენორფინი; 1850 აბი პრეგაბალინი; 256 აბი ტრამადოლი; 402 აბი კოდეინი, ასევე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
„აღსანიშნავია, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს პერმანენტულად, სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. მანამდე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი საცავიდან მათი გადატანა ხდება საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით შესაბამის ლოკაციაზე, სადაც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა, განადგურება ხორციელდება“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.










