შსს-ს წარმომადგენელი - ყვარელში სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა მძევალი არის თავისუფალი, არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შსს-ს წარმომადგენელი - ყვარელში სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა მძევალი არის თავისუფალი, არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, ყვარელში სპეცოპერაცია გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობაში არც ერთი მძევალი აღარ იმყოფება.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. ადგილზე მუშაობენ სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. როგორც გითხარით, გრძელდება ღონისძიება. შეიარაღებასთან დაკავშირებით, უკვე განვაცხადეთ, რომ როგორც იყო ინფორმაცია, ეს პირი არის შეიარაღებული. ახლაც მიმდინარეობს სპეცოპერაცია. თანხასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა იყო მოთხოვნა. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც. არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად, რათა სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდეს. საპოლიციო ძალები იმყოფებიან ტერიტორიაზე. დამატებით დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ეს არის ის ინფორმაცია, რისი მოწოდებაც შემიძლია“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი ამ დრომდე შენობაში რჩებოდა. „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა.

მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.