შსს-ს თანამშრომლებს FBI-ს ტრენერებმა გადამზადების კურსი ჩაუტარეს
შსს-ს თანამშრომლებს FBI-ს ტრენერებმა გადამზადების კურსი ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მიერ ორგანიზებული ხუთდღიანი გადამზადების კურსი დასრულდა.

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა.

სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რაიან ჰარკერ ჰარისი, ნარკოტიკების ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრენერები უძღვებოდნენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართველ სამართალდამცველებს საცეცხლე მომზადების, ჩხრეკისა და შეღწევის თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკური მედიცინისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგის მიზანი იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარება.