შსს-ს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს.
შსს-ს ცნობით, ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი შემოვიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება. შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე“ [P23] და „დიოსკურია“ [P25] და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
შსს-ში აცხადებენ, რომ შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში.
ერთობლივი წვრთნები კი, მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2019 წლის მანძილზე ნატო-ს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ – აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.